მარია ფერდინანდა საქსონიელი
მარია ფერდინანდა საქსონიელი | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1821 |
მმართ. დასასრული: | 18 ივნისი, 1824 |
წინამორბედი: | მარია ლუისა ესპანელი |
მემკვიდრე: | მარია ანა საქსონიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 აპრილი, 1796 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 3 იანვარი, 1865, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | პრაღა, ჩეხეთი |
მეუღლე: | ფერდინანდო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
სრული სახელი: | მარია ფერდინანდა ამალია ქსავიერა ტერეზია იოზეფა ანა ნეპომუცენა ალოისია იოჰანა ვინსენტია იგნატია დომინიკა ფრანცისკა დე პაულა ფრანცისკა დე ჩანტალი |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | მაქსიმილიანი, საქსონიის კრონპრინცი |
დედა: | კაროლინა პარმელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ფერდინანდა საქსონიელი (გერმ. Maria Ferdinanda von Sachsen, იტალ. Maria Ferdinanda di Sassonia; დ. 27 აპრილი, 1796, დრეზდენი, გერმანია — გ. 3 იანვარი, 1865, პრაღა, ჩეხეთი) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიელი პრინცესა. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1821-1824 წლებში როგორც ფერდინანდო III-ის მეორე მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ფერდინანდა დაიბადა 1796 წლის 27 აპრილს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კრონპრინც მაქსიმილიანისა და მისი მეუღლის, პრინცესა კაროლინა პარმელის შუათანა ქალიშვილი. 1804 წელს, დედამისის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა ცოლად მარია ფერდინანდას დედის ძმისწული, პრინცესა მარია ლუიზა კარლოტა პარმელი შეირთო, მაგრამ მასთან შვილები აღარ ჰყოლია. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია საქსონიის მომდევნო კურფიურსტი ფრიდრიხ ავგუსტ II და ესპანეთის დედოფალი მარია იოზეფა ამალია საქსონიელი.
1817 წელს მარია ფერდინანდა თავის დას, მარია ანას ჩაჰყვა ფლორენციაში, სადაც იგი ცოლად ტოსკანის კრონპრინც ლეოპოლდოზე დაქორწინდა. სწორედ ამ დროს დაადგა თვალი ლეოპოლდის მამამ, დიდმა ჰერცოგმა ფერდინანდო III-მ თვალი ახალგაზრდა მარია ფერდინანდას.
დიდი ჰერცოგი ფერდინანდო 1802 წელს დაქვრივდა, რის შემდეგაც ცოლი აღარ შეურთავს, თუმცა მარია ფერდინანდას გაცნობის შემდეგ ქორწინებაზე ფიქრი კვლავ დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის მხრივ მასაც მოეწონა თავისზე გაცილებით უფროსი ფერდინანდო.
1821 წლის 6 მაისს მარია ფერდინანდა თავისი დის მამამთილს, დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს გაჰყვა ცოლად, რითაც იგი ტოსკანის დიდი ჰერცოგინია გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თავისი ქმრის პირველ ცოლს, ლუიზა მარია ნეაპოლელს ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა.
ამ ქორწინებამ მისი ოჯახის ნათესაური კავშირები ცოტა არია, რადგან იგი საკუთარ დას ერგებოდა დედამთილად, სიძეს კი დედინაცვლად.
1824 წლის 18 ივნისს ფერდინანდო III გარდაიცვალა და ტახტი ლეოპოლდო II-მ დაიკავა, რითაც ახალი ჰერცოგინია მარია ფერდინანდას და, მარია ანა გახდა. დაქვრივების შემდეგ იგი მეორედ აღარ გათხოვილა და არც შვილები ჰყოლია.
1859 წელს, იტალიის გაერთიანების პერიოდში ტოსკანა სარდინიის სამეფოს დაექვემდებარა, რის გამოც ტოსკანის სამეფო ოჯახს იტალიის დატოვებამ მოუწია. მარია ფერდინანდა დროებით ავსტრიის სამეფო კარზე, იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-სა და დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელთან დასახლდა. რამდენიმე წელიწადში მან ვენა დატოვა და მშობლიურ დრეზდენში დაბრუნდა, თუმცა იგი თავისი ძმის სამეფო კარზე თავს დროებით სტუმრად გრძნობდა, რის გამოც დიდ ხანს იქაც ვერ დარჩა. საბოლოოდ იგი პრაღის გარე უბანში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი წლები და გარდაიცვალა 1865 წლის 3 იანვარს 68 წლის ასაკში, დაქვრივებიდან 41 წლის შემდეგ. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Silke Marburg: Europäischer Hochadel: König Johann von Sachsen (1801-1873) und die Binnenkommunikation einer Sozialformation, Akademie Verlag Berlin 2008, S. 165 (Digitalisat)
- Hof- und Staats-Handbuch des Kaiserthumes Österreich für das Jahr 1868, Verlag der G. J. Manzschen Buchhandlung, Wien, S. 4 (Digitalisat)
- Karl Heinrich von Hausen: Bei der höchsten Vermählungsfeier des Ferdinand III., Grossherzog von Toscana und der Maria Ferdinanda, Herzogin von Sachsen, 1821
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Anna Ferdinanda Amalia. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 28 (Digitalisat).
- Maria. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger, 1988, S. 291
|